ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს ყოველდღიურად $1.2 მილიონიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა

მას შემდეგ რაც პოლონეთის მმართველმა პარტიამ უგულებელყო ევროკავშირის მოთხოვნა პოლონეთის უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის შეჩერების შესახებ, ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ პოლონეთს დღეში $1.2 მილიონიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ჯარიმის დაკისრების მიზეზი, პოლონეთში განხორციელებული სასამართლო რეფორმა გახდა.პოლონეთის მმართველმა პარტიამ უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას მოსამართლეებზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილება მიანიჭა.

ბრიუსელი უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ პოლონეთის მემარჯვენე მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები ძირს უთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობას, მაგრამ მათ შორის უთანხმოება მას შემდეგ გამძაფრდა, რაც რამდენიმე დღის წინ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ევროპული ხელშეკრულებების ნაწილი ქვეყნის კონსტიტუციასთან შეუთავსებელია.

აღნიშნული საკითხი ევროკავშირის სამიტზეც განიხილეს და კოალიციის წევრმა სახელმწიფოებმა პოლონეთი გააკრიტიკეს.

”თქვენ არ შეგიძლიათ ჯიბეში ჩაიდოთ ევროკავშირის მთელი ფული, მაგრამ უარი თქვათ ევროკავშირის ღირებულებებზე”, - თქვა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ და პოლონეთი გააფრთხილა, არ მოეპყროს ევროკავშირს, როგორც ”სალაროს მანქანას”.

ბევრი პოლონელი მოსამართლე მმართველი ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ რეფორმას მოსამართლეებზე ზეწოლის ინსტრუმენტად განიხილავს.

ევროპული სასამართლოს განცხადებით, პოლონეთისთის ჯარიმის დაკისრება აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული სერიოზული და გამოუსწორებელი ზიანი ევროკავშირის სამართლებრივ წესრიგსა და იმ ღირებულებებზე, რომლებზეც დაფუძნებულია ეს კავშირი, განსაკუთრებით კანონის უზენაესობაზე.

სადისციპლინო პალატის გაუქმება ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს ივლისშიც მოსთხოვა, თუმცა მოსამართლეების სადისციპლინო პალატა კვლავ განაგრძობს მუშაობას, რის გამოც ევროკომისიამ პოლონეთზე ჯარიმის დაკისრება მოითხოვა. ევროკომისიის განცხადებით, პოლონეთის მმართველი პარტიის ქმედებები ძირს უთხრიან სასამართლოს დამოუკიდებლობას ქვეყანაში.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ გასულ კვირას განუცხადა ევროპარლამენტს, რომ პალატა გაუქმდება, მაგრამ ზუსტი ვადები არ დაუსახელებია.

პოლონეთის ნაციონალისტური მმართველი პარტია, რამდენიმე საკითხზე ბრიუსელთან კონფლიქტშია მას შემდეგ, რაც 2015 წელს ხელისუფლება მოიპოვა , მათ შორის მიგრაციაზე და ლგბტ უფლებებზე, თუმცა, ყველაზე ხანგრძლივი დავა იყო პოლონეთის მთავრობის მცდელობა პოლიტიკური კონტროლი დაემყარებინა სასამართლო სისტემაზე .

დღეს დაწესებულ დღიურ ჯარიმას ემატება 500,000 ევროს დღიურ ჯარიმა, რომელიც იუსტიციის სასამართლომ პოლონეთს გასულ თვეში დააკისრა, ტუროვის ყავისფერი ქვანახშირის მაღაროს დახურვის შესახებ მისი ბრძანების უგულებელყოფის გამო.