უკრაინელი დეპუტატის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო უწყებას, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რადას უკვე აქვთ შემუშავებული ტექსტი მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად

უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსანდრ კოვალჩუკმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და უკრაინის რადას უკვე აქვთ შემუშავებული ტექსტი სააკაშვილის გამოთხოვის შესახებ.

მისივე ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია.

„ჩვენ რამდენიმე დღე ვგეგმავდით შესვლას და ძალიან კარგია, რომ შეხვედრა საბოლოოდ შედგა. ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მას ძალიან ცოტა ძალა შერჩა. ამასთან, აქვს შინაგანი ძალა, რაც მას ბრძოლის გაგრძელების საშუალებას აძლევს.

ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, რა ელოდება მას, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. მას არ აძლევენ ტელეფონით საუბრის უფლებას, რაც მას წესით უნდა ჰქონდეს. ციხეში პატიმრებისთვის ტელეფონით საუბარი შეიძლება, მისთვის კი არა. ციხეში პატიმრებს სეირნობის უფლება აქვთ, მას კი არა.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ის ვნახეთ. ვნახეთ, არის ის, რომ ყველაფერი ცუდადაა. მას სჭირდება ზედამხედველობა და ნორმალურ საავადმყოფოში ყოფნა. რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდეს უკრაინაში.

ჩვენი ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და უკრაინის რადას უკვე აქვთ შემუშავებული ტექსტი სააკაშვილის გამოთხოვის შესახებ. თქვენ მას მალე იხილავთ”, - აღნიშნავს ალექსანდრ კოვალჩუკი ქართულ მედიასთან საუბრისას.

ამავე თემაზე:

საგარეო უწყება უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გადაცემის საკითხს განმარტავს