„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო წერედიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს დაბარებული იყო გამოკითხვაზე, თუმცა არ მივიდა.
ბესო წერედიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ სუს-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერები არ უნახავს, თუმცა არჩევნების შესაძლო გაყალბებისა და ქუჩის აქციების შესახებ ხშირად საუბრობს.
„ამ ჩანაწერებისთვის არ მისმენია, ამიტომ ვერ დავადასტურებ ავთენტურობას, მაგრამ ის, რაც თქვენ მითხარით, ის, რომ „ოცნება“ გეგმავს არჩევნების გაყალბებას და გააყალბებს, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ყველაზე საოცარი ის არის, რომ რასაც ახლა მეუბნებით, რომ ბრიფინგზე განაცხადეს, მე ამას ყოველდღე ვწერ ფეისბუქგვერდზე. ის რომ, მათ სადღაც ჩანაწერები გააკეთეს, ეს იმას ნიშნავს, რომ 24 საათის განმავლობაში გვისმენენ.
ისეთი საზიზღარი მეთოდებით გააყალბებენ არჩევნებს, რომ იმ 70 ათას კაცს, რომელიც იდგა თავისუფლების მოედანზე, მოუწევს არჩევანის დასაცავად გამოსვლა. ამაზე შეიძლება, ყოფილიყო საუბარი. დღეს ვიღაც გამომძიებელმა დამირეკა სუს-იდან და მითხრა, რომ დაბარებული ვიყავი. მე ვარ კომისიის წევრი საბურთალოზე, ხვალ გადამწყვეტი არჩევნებია ამ ქვეყნისათვის და ვუთხარი, რომ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით შეიძლება, მივცე ჩვენება“, - განაცხადა ბესო წერედიანმა.
ამავე თემაზე:
სუს-ი: ხელისუფლების დამხობის მიზნით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხილვა მიმდინარეობდა