ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ საქართველოს პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
ამის შესახებ ევროდეპუტატმა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რადგან ჩვენს საზღვრებთან პოლიტიკური ვითარება არ არის სტაბილური.
რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში, ყველა ქვეყანა განიცდის პოლიტიკურ არასტაბილურობას, ასევეა ჩემი ქვეყანა, ლიეტუვაც. მაგრამ საქართველოში სიტუაცია განსხვავებულია: ევროპული ტიპის სტაბილური პოლიტიკური პარტიების შექმნის პროცესს, როდესაც პოლიტიკოსები შეძლებენ ერთმანეთთან საუბარსა და კომპრომისის პოვნას, ძალიან დიდი დრო სჭირდება. პოლიტიკური პარტიები ზედმეტად არიან დაკავშირებულნი პიროვნებებთან და მათ კონფლიქტებთან, იმის ნაცვლად, რომ იყვნენ ორიენტირებულნი გარკვეულ საკითხებზე.
ასე რომ, არჩევნები მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის და განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, თუ როგორ ატარებენ მმართველი პარტიები (ვგულისხმობ ყველგან, იქნება ეს უკრაინაში, ბელარუსში, რუსეთსა თუ საქართველოში და სხვა ქვეყნებში) არჩევნებს. ახერხებენ თუ არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან თავშეკავებას, როგორ ექცევიან ოპოზიციას და მოქმედებენ თუ არა დემოკრატიულად. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ყველა ქვეყნისთვის და ჩვენ თვალს ვადევნებთ იმას, რაც ხდება“, - აღნიშნავს ევროპარლამენტარი.