ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა არჩევნების მეორე ტური შეაჯამეს

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის მიმდინარეობას ადამიანის უფლებათა ცენტრი ქუთაისის, თელავის და რუსთავის საარჩევნო უბნებზე 9 დამკვირვებლით დააკვირდა. ორგანიზაციის მობილურმა ჯგუფებმა არჩევნებზე ამ სამი ქალაქის მაქსიმალურად ყველა საარჩევნო უბანი მოიცვეს. მონიტორინგი განხორციელდა თელავის მე-17 საარჩევნო ოლქის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში განთავსებულ ოთხ საარჩევნო უბანზე.

ცენტრის შეფასებით, სამივე ქალაქში კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ და სამართლიან გარემოში წარიმართა. დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე არ დაუფიქსირებიათ არსებითი ხასიათის დარღვევები, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგზე. საარჩევნო უბნებზე მობილიზებული იყო დამკვირვებელთა დიდი რაოდენობა.

„განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლები, რომელთა მითითებით, მყისიერად აღმოიფხვრებოდა ტექნიკური ხარვეზები. კენჭისყრის დღის ბოლო საათებში ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ვითარება შედარებით დაიძაბა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა 1 საჩივარი დაწერეს და 4 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში. 1 საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაშიც დარეგისტრირდა.

ამ დროისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესს აკვირდებიან. ისინი უბნებზე შემაჯამებელი ოქმების გაფორმებამდე დარჩებიან.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, უშუალოდ საარჩევნო უბნებზე მივლინებული დამკვირვებლების გარდა, ინფორმაციას იღებს მედიასაშუალებებიდან. შემაშფოთებელია ზოგიერთ საარჩევნო უბანზე დაფიქსირებული ძალადობრივი ინციდენტები და დაპირისპირება, რა დროსაც შეურაცხყოფა მიაყენეს არჩევნებზე აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებასაც. თბილისში, ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანთან ხელი დაარტყეს თბილისის მერობის ოპოზიციონერ კანდიდატს, ნიკა მელიას. აუცილებელია, შსს-მ დროულად მოახდინოს რეაგირება მსგავს ფაქტებზე და პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა ძალადობაში და ჟურნალისტებს ხელს უშლიდა საქმიანობაში.

შემაშფოთებელია ქალაქ თბილისის მოქმედი მერისა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადება, რითაც მან მმართველი პარტიის აგიტატორებსა და აქტივისტებს მოუწოდა გაეგრძელებინათ სიებით ხელში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩეველთა აღრიცხვა.

კერძოდ, კახა კალაძემ განაცხადა: „საქართველოს კანონმდებლობით მოქალაქეებს, მათ შორის - პარტიის აგიტატორებს და აქტივისტებს აქვთ ფოტოსურათებიანი სიების ქონის და ამ სიების მიხედვით ამომრჩევლების აღრიცხვის უფლება. ეს არ არის არავითარი დარღვევა და ამიტომ, ნურავინ შეეცდება ამ საბაბის გამოყენებით რაიმე დაძაბულობის შექმნას.კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, ეს იქნება ჩვენი პარტიის წევრები, აგიტატორები. მეგობრებო, თქვენ გაქვთ ამის უფლება, კანონიერად იქონიოთ ეს სიები და ის 100-მეტრიანი რადიუსი, რაც არის, იდგეთ და გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს“.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება, ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლების აღრიცხვა კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მიღმა ტერიტორიაზეც პრობლემურია. მსგავსი მოქმედებები წარმოადგენს ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე კონტროლს და ხელს უშლის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგისას, კენჭისყრის დღეს (როგორც პირველ, ასევე მეორე ტურზე) დაფიქსირდა ამომრჩეველთა აღრიცხვის შემთხვევები როგორც კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე, ასევე 100 მეტრის მიღმა ტერიტორიაზე.

ნაცვლად იმისა, რომ მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს პარტიის წარმომადგენლებისთვის მოეთხოვა, შეეწყვიტათ ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის საწინააღმდეგო მოქმედებები, მან - ქალაქ თბილისის მოქმედმა მერმა და ამავდროულად, მერობის კანდიდატმა, კენჭისყრის მიმდინარეობისას თავისი განცხადებით მსგავსი მოქმედებები წაახალისა“, - აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციაში.