საქართველოში უკვე მზად არის პროტოკოლი, რის მიხედვითაც ჩვენი პაციენტები მიიღებენ მონოკლონურ ანტისხეულებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მკურნალობის ხარისხს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გერმანიის მიერ კოვიდსაწინააღმდეგი წამლების გადაცემისას განაცხადა. ქვეყანამ გერმანიის მთავრობისგან ფირმა Roche-ს წარმოების კოვიდის საწინააღმდეგო წამლების Casirvimab-ისა და Imdevimab-ის 3024 დოზა მიიღო.
„საქართველოს, გერმანიის მთავრობის მხრიდან, გადმოეცა მონოკლონური ანტისხეულები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პაციენტების მკურნალობისთვის, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის ელჩს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული მოლაპარაკებებში.
საქართველოში უკვე მზად არის პროტოკოლი, რის მიხედვითაც ჩვენი პაციენტები მიიღებენ მონოკლონურ ანტისხეულებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მკურნალობის ხარისხს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, კასირივიმაბი/იმდევიმაბი ფარმაცევტული კომპანია Roche-ს მიერ არის წარმოებული. პრეპარატზე აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) გაცემული აქვს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია COVID19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ.
ეს მედიკამენტი ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მედიკამენტები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განთავსდა.