ევროკავშირის საბჭო - აშშ-თან ურთიერთობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია

ევროკავშირის საბჭოს შეფასებით, „აშშ-თან ურთიერთობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ხოლო ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედია“.

ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს რვაპუნქტიან განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ტრანსატლანტიკური ურთიერთოების განახლებული დღის წესრიგი საჭიროა გლობალური გამოწვევებზე პასუხის მოსაძიებლად“.

„ეს საჭიროა, რათა ჩვენს პლანეტაზე ადამიანების ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და დემოკრატია დაცული იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპელი დიპლომატები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „ევროკავშირის ავტონომიურად მოქმედების შესაძლებლობის გაზრდა, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს მხოლოდ განამტკიცებს“.

ისინი მიესალმებიან აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მულტილატერალური დიპლომატიის და საერთაშორისო ალიანსების მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას. ევროკავშირი მზადაა, ვაშინგტონთან ერთად იმუშავოს გაერო-ს როლის გაძლიერებაზე და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეფორმაზე.

„ევროკავშირის საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტრანსატლანტიკური პარტნიორების დემოკრატიული საზოგადოებები და საბაზრო ეკონომიკები საერთო საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგანან, რაც სხვადასხვა საერთაშორისო აქტორის მზარდი სიხისტით არის გამოხატული. ევროკავშირი მზადაა, განაგრძოს თანამშრომლობა აშშ-თან ყველა სფეროში, იქნება ეს ევროკავშირის აღმოსავლეთ თუ სამხრეთ სამეზობლო, დასავლეთ ბალკანეთი, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთი, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა ლათინური ამერიკა, კარიბის აუზი თუ ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე დროს, ევროკავშირი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. მათ შორის ევროკავშირისა და ნატო-ს პარტნიორობის განმტკიცების გზით.

განცხადებაში ევროპელი დიპლომატები მზადყოფნას გამოთქვამენ, ითანამშრომლოს აშშ-თან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილებები და ადამიანის უფლებების დაცვა.