მამუკა მდინარაძე: ორჯერ არ შევუწყვიტეთ მანდატები, ხვეწნა არავის უნდა დავუწყოთ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საპარლამენტო მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას სხვა საქმე აქვს.

„ეს მათი უფლებაა, ჩვენ მათ ორჯერ არ შევუწყვიტეთ მანდატები, ვფიქრობ, ხვეწნა ნამდვილად არავის უნდა დავუწყოთ. სამი წელი გვაქვს წინ, სადაც არც არჩევნებია და არც სპეკულაციების საშუალება მიეცემათ. არ ვფიქრობ, რომ უნდა შევუზღუდოთ საკუთარი სურვილის რეალიზების შესაძლებლობა, ვისაც ამის სურვილი ექნება, ისე გადაწყდება, როგორც მათ ექნებათ სურვილი. აღარ არის საინტერესო მათი მიზნები, ეს დარჩა წარსულში. ბევრ რამეს შეეცდებიან, მაგრამ ჩვენ სხვა საქმე გვაქვს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„ხვალიდან ვიწყებთ იმგვარ საპარლამენტო საქმიანობას, რომ მთლიანად გადავერთოთ საზოგადოების საჭიროებებზე და პოლიტიკური შეხლა-შემოხლა დავტოვოთ დღის წესრიგის მიღმა“, - დაამატა მდინარაძემ.

მდინარაძემ ექსპრეზიდენტ სააკაშვილზეც ისაუბრა. მისი თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უნდა გაასაჯაროოს პერსონალური მონაცემები, რადგან, „ექსპრეზიდენტის შიმშილობასთან დაკავშირებით კონკრეტული ეჭვები არსებობს“.

მდინარაძის ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე პარტიის წევრებმა ერთმანეთს გამარჯვება მიულოცეს და გეგმებზე იმსჯელეს.

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა, ლევან ვარშალომიძემ სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განაცხადეს.

მანამდე კი მიხეილ სააკაშვილმა ურჩია ყველა თანამებრძოლს, მიბაძონ მამუკა ხაზარაძეს და დატოვონ პარლამენტი.

ლევან ხაბეიშვილი: უმნიშვნელოვანესია უახლოეს საათებში ჩვენი მოქმედებები, გადაწყვეტილებები არამარტო მანდატთან დაკავშირებით