ამირან გამყრელიძე: ნებაყოფლობით, ძლიერი წახალისების და შეზღუდვის გარეშე, მეტი ადამიანი აღარ აიცრება

საქართველოსთვის ვაქცინაციის ე.წ. ზღვრული მაჩვენებელი 30-35% აღმოჩნდა და თუ რაიმე წამახალისებელი ან შემზღუდავი ღონისძიება არ დაწესდება, ნებაყოფლობით ვაქცინირებულთა რაოდენობა აღარ გაიზრდება, მიიჩნევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

გამყრელიძემ მედიასთან აღნიშნა, რომ დღევანდელი მონაცემებით, ორჯერადად აცრილი 18 წელს გადაცილებული მოსახლეობის 33%-ია, ხოლო ერთჯერადად მოზრდილი მოსახლეობის 36.6%.

„საჭიროა უფრო ქმედითი ღონისძიებები, რომ აცრების ყოველდღიურმა რაოდენობამ მოიმატოს. მიუხედავად იმისა, რომ დავდივართ რაიონებში და ცნობადობა გაიზარდა, მოსახლეობის მხრიდან რეზისტენტობა მაღალია. მთელი რიგი ღონისძიებაა დაგეგმილი, ამას საკოორდინაციო საბჭო განიხილავს და იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, როგორ უნდა გაიზარდოს ქვეყანაში აცრის მაჩვენებელი.

ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ. ზოგიერთი ქვეყნისთვის ე.წ. ზღვრული მაჩვენებელი 20% იყო და ზემოთ ვეღარ წავიდნენ, ზოგიერთისთვის 40%, ზოგიერთისთვის 50%. ჩვენთვის ეს მაჩვენებელი 33-35%-ის ფარგლებში აღმოჩნდა. ასე რომ, თუ რაიმე ძლიერი წამახალისებელი არ იქნება ან რაიმე შეზღუდვა არ იქნება შემოღებული, ნებაყოფლობით მეტი ადამიანი აღარ აიცრება, აცრები აღარ გაიზრდება. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რიგი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

2 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 982 593 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 038 193 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.5 %. სრულად ვაქცინირებულია 942 397 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.0%. პირველ ნოემბერს 3 369 ადამიანი აიცრა.

31 ოქტომბერს მხოლოდ 1 402 ადამიანი აიცრა.

ვაქცინაციის მარათონი საქართველოში 15 ოქტომბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც სექტემბრის შუა რიცხვებში აცრების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, როცა მანამდე დღეში თითქმის 30 000 ადამიანი იკეთებდა ვაქცინას.

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი.