ევროკავშირის ელჩი: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის დანიშვნა იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის დანიშვნა იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული", - ამის შესახებ განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გააკეთა.

.31 ოქტომბერს, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრი აირჩია.

როგორც კარლ ჰარცელი აღნიშნავს, ეს დანიშვნები მოხდა ადგილობრივი არჩევნების მეორე დღეს; როდესაც მხოლოდ ოთხი დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც კონფერენციის დღის წესრიგი გამოქვეყნდა.

"ამ თანამდებობებზე აქამდე მომუშავე ორმა ქალბატონმა თავიანთი თანამდებობები მოულოდნელად, უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დატოვა. დანიშვნებამდე კანდიდატების გამოცხადება არ მომხდარა.

დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. შესაბამისად, ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ხარისხისა და ამ სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.

საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში. ის მოჰყვა 12 ივლისს, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შემდგომ დანიშვნებს, რომელსაც ეუთო/ოდირი-ს შეფასებით „აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა“, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობების შეუსრულებლობა ევროკავშირის დამატებით 75 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარების მისაღებად 2021 წლის სექტემბერში, გენერალური პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე უარის თქმა 7 სექტემბერს; დღემდე არ მომხდარა 5 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის სანდო გამოძიება და ორგანიზატორების დასჯა.

ეს მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამბიციური სასამართლო რეფორმის პროცესის დაწყება ფართო, ინკლუზიური და ყველა პარტიის ჩართულობით, გადაუდებელი აუცილებლობაა და საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა ეს ვალდებულება აიღეს.

ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი–საქართველოს სამომავლო უთრიერთობებისთვის.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“, – აღნიშნულია კარლ ჰარცელის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

31 ოქტომბერს, მოსამართლეთა რიგით 30-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრი აირჩია: პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი.

მათ თამარ ონიანი და თეა ლეონიძე ჩაანაცვლეს, რომლებსაც საბჭოს წევრობის ვადა ჯერ არ გასდიოდათ, თუმცა, როგორც ფორმულას იუსტიციის საბჭოში უთხრეს, თავისი ნებით დაწერეს განცხადება უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი არჩეულ კანდიდატებს ე.წ მოსამართლეთა კლანის წევრად მიიჩენევენ, ამასთან, ორივე მათგანი განწესებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ.

მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოში გიორგი გოგინაშვილი და პაატა სილაგაძე აირჩია