„თალიბანმა“ ავღანეთში უცხოური ვალუტა აკრძალა

„თალიბანმა“ ავღანეთში უცხოური ვალუტების გამოყენება აკრძალა, რამაც კოლაფსის პირას მყოფი ეკონომიკა შეიძლება, კიდევ უფრო შეაფერხოს. ამის შესახებ BBC წერს.

ბრიტანული მედიასაშუალების ცნობით, მას შემდეგ რაც „თალიბებმა“ კონტროლი დაამყარეს ავღანეთზე, საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის გაუქმების გამო ქვეყნის ეკონომიკას გაუჭირდა.

„ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა და ეროვნული ინტერესები მოითხოვს, რომ ყველა ავღანელმა ვაჭრობისას გამოიყენოს ავღანური ვალუტა“, - აცხადებს „თალიბანი“.

დოლარი ფართოდ გამოიყენება ავღანეთის ბაზრებზე.

დოლარს ასევე ხშირად იყენებენ ვაჭრობისთვის ავღანეთის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის პაკისტანში.

„ისლამური საამირო ავალებს ყველა მოქალაქეს, მაღაზიის მესაკუთრეს, მოვაჭრეებს, ბიზნესმენებს და ფართო საზოგადოებას, ამიერიდან განახორციელონ ყველა ტრანზაქცია ავღანეთში და მკაცრად თავი შეიკავონ უცხოური ვალუტის გამოყენებისგან“, - თქვა თალიბანის სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განცხადებაში.

აგვისტოში, „თალიბანის“ მიერ ავღანეთზე კონტროლის დამყარების შემდეგ, ავღანეთს საზღვარგარეთ აქტივები გაუყინეს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო და ევროპის ცენტრალურმა ბანკებმა.

„აუცილებელია, შევინარჩუნოთ სანქციები „თალიბანის“ წინააღმდეგ, მაგრამ ამავე დროს ვიპოვოთ გზები ლეგიტიმური ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად ავღანელი ხალხისთვის. სწორედ ამას ვაკეთებთ", - განაცხადა შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა.

29 ოქტომბერს, „თალიბანის“ მთავრობამ ცენტრალური ბანკის რეზერვების მილიარდობით დოლარის განბლოკვა მოითხოვა.