პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი პოზიცია მყარი და უცვლელია და ექსპრეზიდენტ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრის და უდანაშაულობის მსხვერპლის კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს.
„ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას, ამის მიუხედავად და გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად და ეს მოითხოვს პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას. ყველა ზომის მიღებას, რომ ჯანმრთელობის გაუარესება არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭვირვალობას და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძიმების ნიშნებისთანავე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ „ამ საკითხს აღარ დაუბრუნდება“.
ცნობისთვის, დღეს, პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრს, პატრიარქს, ევროკავშირის ელჩს და ამერიკის ელჩის მოადგილეს შეხვდა.
რუსთავის #12 დაწესებულებაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, თითქმის ერთი თვეა, შიმშილობს. იუსტიციის მინისტრის მოწვევით ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა, რომელმაც ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმი მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მსჯავრდებულზე გამონაკლის ვერ დაუშვებენ მისი გადაყვანა მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოშია შესაძლებელი.