მოსამართლეების ნაწილი მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას არ ეთანხმება

მოსამართლეები შოთა გეწაძე და ქეთევან მესხიშვილი აცხადებენ, რომ მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადების შინაარსს არ ეთანხმებიან. ამის შესახებ მოსამართლეებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.

„არ ვეთანხმები ამ განცხადების პათოსს, ყველა მოსამართლე ასე არ ფიქრობს“, - წერს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე შოთა გეწაძე.

ამასთან ქეთევან მესხიშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით ცდილობენ, მეტი ნდობითა და პატივისცემით აღჭურვილი სასამართლოს შექმნას.

„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მოსამართლეებმა ვესაუბროთ ამ პათოსით, ნიშნავს დაკარგულ შანსს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის“, - წერს მესხიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ყველამ, მათ შორის ნებისმიერმა თანამდებობის პირმა, თუ ორგანიზაციამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილება არც ,,გაუგებარი“ და არც ,,უკან გადადგმული მე-5 ნაბიჯია“, არამედ ისაა სწორედ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გამოხატულება.

მანამდე, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის დანიშვნა, საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში.

ამასთან, ამერიკის საელჩომ აღნიშნა, რომ დასანანია, სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, წარმოეჩინა გამჭვირვალობა. პრეზიდენტმა კი 3 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევას ამ ფორმით და ამ დროს, გაუგებარი ნაბიჯი უწოდა.