Politico-ს ინფორმაციით, ჯო ბაიდენის მიერ დაგეგმილ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოც არის მიწვეული

ჯო ბაიდენის მიერ დაგეგმილ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოც არის მიწვეული, ასეთ ქვეყნებს შორის ასევე არიან უკრაინა მოლდოვა და პოლონეთი. აღსანიშნავია, რომ მიწვეულთა შორის, Politico-ს ვერსიით, არ არის თურქეთი, რასაც წინ უძღოდა ამ ქვეყნის უთანხმოება დასავლეთის რიგ ქვეყნებთან.

შეგახსენებთ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 10 ქვეყნის ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას აპირებდა, თუმცა საელჩოების მიერ განმარტების გავრცელების შემდეგ „დიპლომატიური კრიზისი“ განიმუხტა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დემოკრატიის სამიტს გამართავს. მიწვევები უკვე დაეგზავნათ რიგ ქვეყნებს. Foreign Policy სექტემბერში ოფიციალური პირებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ სამიტზე მოსალოდნელია 100-ზე მეტი ლიდერის დასწრება, რომელიც 9 -10 დეკემბერს, ვირტუალურად გაიმართება.

„სიაში შედიან გეოგრაფიულად და ეკონომიკურად მრავალფეროვანი ქვეყნები“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ადმინისტრაცია ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ერი შეინარჩუნოს დემოკრატიულ წრეში. სამხრეთ კორეა, იაპონია, კენია, განა, ზამბია, ინდონეზია და ურუგვაი მოწვეულთა შორის არიან. ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ მისი მმართველობის პირველი წლის განმავლობაში გამართავდა სამიტს, რათა ავტორიტარული ქვეყნები ჩინეთი და რუსეთი დააბალანსოს.

„ჩვენ ვცდილობთ, ჩავატაროთ სამიტი დემოკრატიისთვის, მისი მიზანია დემოკრატიული განახლების სტიმულირება მთელ მსოფლიოში”, - აღნიშნა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა უცხოურ მედიასთან.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ დემოკრატიის სამიტზე, რომელსაც ჯო ბაიდენი 9-10 დეკემბერს გამართავს, მიწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მათივე ცნობით, პრემიერი დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ სამიტს, რომელიც ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება.

სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ის ფოკუსირებული იქნება დემოკრატიის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და პლატფორმას უზრუნველყოფს ლიდერებისთვის, რათა როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური ვალდებულებები აიღონ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად.