ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი სასულიერო პირების ნაწილი გამოკითხეს

ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი სასულიერო პირების ნაწილმა პოლიციის შენობა უკვე დატოვა.

ბერი პეტრე ღუდუშაური აცხადებს, რომ მეუფე სტეფანეს მიერ მიყვანილი ჩოხოსნების მოთხოვნას ტაძრის დატოვების შესახებ არ დაემორჩილნენ, პოლიციამ კი, ისინი დააკავა.

„საპატრიარქოსთვის გვაქვს მიწერილი წერილი, რომ მეუფე სტეფანეს არ აქვს უფლება, ბერი დაიყვანოს ერისკაცობამდე, ეკლესიის სასამართლოს გარეშე. საქართველოს ეკლესიას სასამართლო არ აქვს, გაუქმებულია. ამიტომ ჩვენ არ დავტოვეთ მონასტერი მეუფე სტეფანეს მოწოდებით, ვითხოვდით სინოდს და თუ ეთანხმებოდნენ დავტოვებდით, გადავაბარებდით მშვიდობით, მაგრამ რა ვნახეთ, დილის ექვს საათზე მეუფე სტეფანე თავის რაზმთან, ჩოხიანებთან ერთად დაგვესხა თავს და ყველა გამოგვყარეს გარეთ, ამასობაში ჩვენც გავუწიეთ წინააღმდეგობა. პოლიციამ ბერები დაგვიჭირა და ყველა წაგვიყვანეს მარტვილის სამმართველოში. დაჭერილები ვიყავით შვიდნი, დაგვკითხეს, სამი გამოგვიშვეს, ოთხი ჯერ იქ ჰყავთ", - განაცხადა პეტრე ღუდუშაურმა.

თავის მხრივ, ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილმა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ამბროსი სხულუხიამ განაცხადა, რომ დილიდან მარტვილის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, პოლიციას მისგან აინტერესებდა დაბრუნდებოდა თუ არა სალხინოში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში. მისი თქმით, მონასტერში 200-300 პირი შევიდა, მათ შორის ჩოხოსნები და პოლიცია, რომლებმაც მამაოები კელიებიდან ლოცვის დროს გაიყვანეს.

როგორც ცნობილია, ინციდენტის დროს დაზიანდა საპატრიარქოს კუთვნილი ტექნიკა - კერძოდ ვიდეოკამერა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ცნობისათვის, ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა გუშინ ამოეწურათ.

ამავე თემაზე:

მიტროპოლიტმა სტეფანემ რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა