ზურაბ ჯაფარიძე: იძულების გზად მიმაჩნია არალეგიტიმური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა, სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის პარალიზება

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი, დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მიტინგების, ხმამაღლა ყვირილის, შეიკრიბა-დაიშალა აქციების არ სჯერა და იძულების გზად „არალეგიტიმური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა“ მიაჩნია “. ამ შინაარსის განცხადებას ავრცელებს ზურაბ ჯაფარიძე და სუს-ის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება.

„მე არ მჯერა პროტესტის იმ ფორმების, რომლებიც ბევრჯერ ნაცადია, გაცვეთილია და რომლებთან მიმართებაშიც სისტემას, რომლის ერთ-ერთ იარაღსაც თქვენ წარმოადგენთ, უკვე იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული. არ მჯერა მიტინგების, ხმამაღლა ყვირილის და შეიკრიბა-დაიშალა აქციების. იძულების გზად მიმაჩნია არალეგიტიმური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა ნებისმიერი ფორმით, სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის პარალიზება, საბოტაჟი და უზურპატორებისთვის ნერვების პერმანენტული შლა. მთელი ჩემი დროის და ენერგიის ამაზე დახარჯვას ვაპირებ. აქვე, რამეზე რომ არ დამიჭიროთ:

1. თვეებია არ გავკარებივარ არცერთ ნარკოტიკს. 2. ტარების უფლებით მაქვს გაფორმებული 6 სხვადასხვა სახის იარაღი და არაფერში მჭირდება გაუფორმებელი იარაღით მოძრაობა“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ამავე თემაზე:

"ნაციონალური მოძრაობა" რუსთავის ციხესთან პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებს

სუს-ი: მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორები სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას გეგმავენ