პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ მინერალებისა და გლუკოზის მიღება შეწყვიტა

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრისა და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს პასუხობს.

მისი შიმშილობის გარშემო არსებული გარემოებების საპასუხოდ აცხადებს, რომ 6 ნოემბრიდან შეწყვიტა მინერალებისა და ვიტამინების მიღებაც.

„მინდა გამოვეხმაურო ხელისუფლების მიერ ჩემს შიმშილობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას: ბოლო ქირურგიული ჩარევა ჩემს კუჭში (და ეს არ იყო ის პროცედურა, რაც მედიაში გავრცელდა) მოხდა 5 წლის წინ და ამას არ გამოუწვევია კვების შეფერხება.

30 ოქტომბრის შემდეგ, მართლაც, ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით და იმის დაზუსტებით, რომ ეს სრულად შედის შიმშილობის პროტოკოლში, მივიღე რამდენიმე ბოთლი წვენი.

არანაირ საკვებს მე არ ვიღებ, მიუხედავად დაჟინებული შეთავაზებისა კონსილიუმის ზოგიერთი წევრის და ადგილობრივი ექიმების მხრიდან, ხოლო რასაც ვიღებ ყველაფერზე აქტი დგება და ხელს ვაწერ.

დღეს დილიდან, რათა საბოლოოდ გამოვრიცხო ყველანაირი უსირცხვილო სპეკულაცია, რომელიც მიზნად ისახავს ჩემს დისკრედიტაციას და შეურაცხყოფას მაყენებს, უარს ვაცხადებ შიმშილობის პროტოკოლში შემავალი ნებისმიერი დასახელების მიღებაზე, მათ შორის, მინერალებსა და ვიტამინებზე, გლუკოზის აბებზე.

ვერ მოგატყუებთ, ჩემი მდგომარეობა, ჩემი შეგრძნებით, მკვეთრად გაუარესდა და, ვფიქრობ, მალე მძიმე გართულება გარდაუვალია. ზოგიერთი გართულება უკვე ისედაც აშკარაა და ბოლო დღეებში ადმინისტრაციას მოუხდა უკვე, რამდენიმე გარე სპეციალისტის გამოძახება.

ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინის და ივანიშვილის მიზანია ჩემი ფიზიკური განადგურება. ახლა მე ქართველი ხალხის იმედი მაქვს. ჩემი სამშობლოს პატრიოტების სოლიდარობის, ადამიანურობის ჰუმანურობის და მოქალაქეობრივი პოზიციის“, - წერს ექსპრეზიდენტი.

რუსთავის #12 დაწესებულებაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, ერთ თვეზე მეტია, შიმშილობს. იუსტიციის მინისტრის მოწვევით ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა, რომელმაც ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმი მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მსჯავრდებულზე გამონაკლის ვერ დაუშვებენ მისი გადაყვანა მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოშია შესაძლებელი.

ამავე თემაზე:

მამუკა მდინარაძე: შიმშილობაც კი მორიგი დადგმული „ფეიკია“

იუსტიციის მინისტრი: ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდეს