თენგიზ ცერცვაძე: ეპიდსიტუაცია საგანგაშოა. სამი ძირითადი ფაქტორი ზრდის მასშტაბებს და სამივე კომპონენტში დღეს გვაქვს ყველაზე უარესი სცენარი

ეპიდსიტუაცია შეაფასა და მას საგანგაშო უწოდა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ. მისი თქმით, გვაქვს მზარდი ტენდენციები და თუ ქვეყნის მოსახლეობა რადიკალურად არ შეცვლის დამოკიდებულებებს ამ საკითხზე და სიტყვიერი შეშფოთებიდან არ გადავა ქმედებაზე, უნდა ველოდოთ შემთხვევების შემდგომ ზრდას.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, როგორი იდეალურიც არ უნდა იყოს მკურნალობისა და მოვლის პროცესი კლინიკებში, თუ გაგრძელდება შემთხვევების ზრდა, გაგრძელდება გარდაცვლილთა რიცხვის მატებაც.

„როგორი იდეალურიც არ უნდა იყოს მკურნალობისა და მოვლის პროცესი კლინიკებში, თუ გაგრძელდება შემთხვევების ზრდა გაგრძელდება გარდაცვლილთა რიცხვის მატებაც. სამი ძირითადი ფაქტორი ზრდის მასშტაბებს და სამივე კომპონენტში საქართველოში დღეს გვაქვს ყველაზე უარესი სცენარი. პირველი - ვაქცინაციის ძალიან დაბალი დონე. მეორე - პირბადეების ტარება. საქართველოს მოსახლეობა ვერა და ვერ შეეჩვია პირბადეების ტარებას. მესამე - ხალხმრავალი შეკრებები. ხალხმრავალ შეკრებებს ისედაც არ უჩიოდა ჩვენი ქვეყანა თავისი ტრადიციებით, ქელეხები, ქორწილები და ა.შ. ახლა ამას დაემატა მასშტაბური პოლიტიკური აქციები“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 104 ადამიანს დაუდასტურდა, 67 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.