დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც 8 ნოემბერს არის დაგეგმილი, მთელი რიგი გადაწყვეტილებების მიღება დააანონსა.
„ეს იქნება როგორც წამახალისებელი ღონისძიებები 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში, ასევე ე.წ. მწვანე პასპორტთან მიმართებით. ამ ღონისძიებებმა მაქსიმალურად უნდა გაზარდოს აცრის მოცვა ქვეყანაში, რადგან აცრის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება, გვექნება ახალი ტალღები და სამწუხაროდ, დიდი ადამიანური დანაკარგი. 60 წელს გადაცილებულების სავალდებულო ვაქცინაციაზე არ არის საუბარი, მომზადებულია მთელი რიგი პაკეტი წამახალისებელი ღონისძიებების, რათა ამ ასაკის ადამიანებს აცრის სურვილი გაუჩნდეთ. ხშირად სვამენ კითხვას, რატომ ეს ასაკობრივი ჯგუფი, რადგან ამ ასაკზე სიკვდილიანობის 60% მოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ გარდაცვლილთა 99 % გვყავდა აუცრელი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
„ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე გავსულიყავით, ახლა აცრილია 33,3 %. შორს ვართ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიღწევასთან, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს - აგრესიული საკომუნიკაციო კამპანია, წამახალისებელი ღონისძიებები და ე.წ მწვანე პასპორტების სისტემა, რომ როგორმე მეტი ადამიანი აიცრას. თუ ჩვენ არ ავიცერით, არ იქნება მოცვა მაღალი ქვეყანაში, სამწუხაროდ გვექნება 4-5 ათასი შემთხვევა დღიურად, ასეთი ტალღა ორ თვეში ერთხელ განმეორდება, მით უმეტეს ნოემბერი-დეკემბერი იქნება რთული სხვა რესპირატორული ვირუსების ზედდების გამო. ამიტომ მხოლოდ აცრები არის გამოსავალი. ერთმანეთს უნდა გავუწიოთ ანგარიში და იყოს სრული სოლიდარობა ქვეყანაში“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
ცნობისთვის, სპეციალისტებს წლის ბოლომდე აქამდე დაანონსებულზე, მოსახლეობის 60%-ზე მეტის აცრა სურდათ, თუმცა 60%-ის ვაქცინაციაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რაც აცრების მაჩვენებელმა სექტემბრიდან მკვეთრად იკლო. ამის შემდეგ, 15 ოქტომბერს დაიწყო ვაქცინაციის მარათონი და როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ამ პერიოდში 3 500-ზე მეტი ადამიანი აიცრა.
ვაქცინაციის მაჩვენებლის გაუარესებამდე, დღიური მაჩვენებელი 30 000-ს აღწევდა.