წლის ბოლომდე საქართველოს ვაქცინაციის გეგმა 60%-ის მოცვას გულისხმობდა, თუმცა დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანას უფრო მეტი აცრის ჩატარების ამბიცია აქვს. ამჟამად, ქვეყანაში 1 დოზით ვაქცინირებულია 897 427 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.4%, სრულად ვაქცინირებულია 593 944 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 20.8%.
„ვფიქრობ, გეგმა მიღწევადია. ამის საფუძველს მაძლევს ის შედეგი, რაც გვქონდა აგვისტოში და ჯერჯერობით, ამ ტემპს სექტემბერში ვაგრძელებთ. აცრების საშუალო დღიური მაჩვენებელი 23 000 იყო და ჯამურად გასულ თვეში 715 000 აცრა ჩატარდა.
ეს ჩვენი გეგმის მინიმუმია, რომ იგივე მაჩვენებელზე ვიყოთ სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერში, მაშინ მოსახლეობის მოცვის 60%-იანი გეგმა მიღწევადია, მაგრამ ჩვენ უფრო მეტის, არა 60%-ის, არამედ უფრო მეტის ამბიცია გვაქვს. ძალიან გვინდა სექტემბერში დღეში არა 23 000, არამედ 30 - 35 ათასი აცრა გვქონდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, დიდი ხანია, სპეციალისტები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ „დელტა“ შტამის შემთხვევაში მოსახლეობის 80%-ის მოცვაა საჭირო. მაგალითად, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი ამ თემაზე Europetime-თან ინტერვიუში საუბრობდა.
„ადრე, ქვეყნების მთავრობები ამბობდნენ, რომ ვაქცინით მოსახლეობის 60%-მდე უნდა აცრან, ახლა ეს მაჩვენებელი 80%-მდე უნდა ავიდეს. ასე თუ გაგრძელდა საქართველოში, 60%-ის აცრაც კი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. თითოეულ დღეს აქვს მნიშვნელობა, აგვისტოს შუა რიცხვებისთვის შემთხვევების ალბათ კიდევ უფრო ზრდას უნდა ველოდოთ. სამწუხაროდ, ვაქცინაციის ეს ტემპი ვერ ეწევა „დელტა“ შტამის გავრცელებას. ამიტომ, შემოდგომა შეიძლება, ძალიან რთული იყოს საქართველოსთვის. „დელტა“ შტამი ძალიან ვრცელდება ახალგაზრდებსა და ბავშვებში. თუ შემთხვევების დიდი რაოდენობა დაფიქსირდა, შესაძლოა, სკოლებში სწავლა ონლაინ გაგრძელდეს“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.
ცნობისთვის, საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია 5 ივლისს დაიწყო. ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინა 21 199-მა ადამიანმა გაიკეთა.
სად შეუძლიათ მოქალაქეებს ვაქცინაციის მოძრავი პუნტებით სარგებლობა
ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1838 ადამიანს დაუდასტურდა, 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.