პენიტენციური სამსახური სიცრუეს უწოდებს მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განგაშია და ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მასთან კლინიკა „ვივამედის“ ექიმები შევიდნენ.
უწყების მიერ გავრცელებული განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„ინფორმაციისთვის: 5 ნოემბერს ჩატარებულ კონსილიუმზე, რომლის შემადგენლობაში იყო რეანიმატოლოგი და ნევროლოგი, მათ შორის, სააკაშვილის პირადი ექიმიც, პატიმარმა დააფიქსირა ჩივილები - თვალის ტკივილი და სურდო. ამის გათვალისწინებით, გაიცა რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილთან ოფთალმოლოგი და ოტორინოლარინგოლოგი შესულიყო. პრევენციის მიზნით კონსილიუმმა დაგეგმა კარდიოლოგის კონსულტაციაც, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება. ორივე ექიმ-სპეციალისტის თქმით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილს რაიმე მწვავე პათოლოგია არ გამოვლენია. მიხეილ სააკაშვილს, მისი თანხმობის საფუძველზე, დაწესებულებაში ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებიც, რომელთა პასუხები ამ ეტაპზე არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე თემაზე
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი კონსილიუმის წევრებს სასწრაფოდ შეხვედრას სთხოვს