თავისუფლების მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინსტრაციისკენ მიემართებიან. მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მიმართა პროტესტის მონაწილეებს და მოუწოდა, რომ ერთად წასულიყვნენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. მანვე დაანონსა, რომ ხვალიდან აქცია სხვადასხვა წერტილში გაიშლება, მათ შორის იუსტიციის სამინისტროსთან. დღეს კი აქცია არ დაიშლება და პროტესტი მუდმივად იქნება, ვიდრე „არ გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი, „არ დააბრუნებენ მოპარულ არჩევნებს, და არ გაიმართება ახალი არჩევნები“.
ნიკა მელიას თქმით, გლდანის ციხესთან აქცია არ გაიმართება.
„მე, როგორც თქვენი მეგობარი გეუბნებით, რომ ეს აღიქმება პროვოკაციად. იქ, სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს და ამ ყველაფრისთვის ძალიან მძიმე ფასს გადაიხდიან. იქ, სადაც კრიმინალები ჰყავთ, ძალიან მძიმე დამნაშავეები ჰყავთ, „კანონიერი ქურდები“ ჰყავთ, იქ შეიყვანეს ახლა მიხეილ სააკაშვილი.
იქ ახლა აქციის გამართვა არის ბროლის ოცნება „ქართული ოცნების“, რომ ბუნტის ინსცენირება მოახდინონ იქ და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს და მერე რუსეთის ფედერაციის დაგეგმილი სპეცოპერაცია ჩვენ შემოგვაწმინდონ ტანზე. ამიტომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფეხი აქედან არცერთმა ჩვენგანმა არ მოვიცვალოთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც პროტესტის მონაწილეები მიემართებიან, პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა.