საქართველო COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის იანვრის ბოლოდან დაწყებაზე მუშაობს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს განაცხადა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, თავდაპირველად რისკჯგუფებს აცრიან, ხოლო „კოლექტიური იმუნიტეტის“ მისაღწევად საჭიროა, მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი აიცრას.
„მიმდინარეობს პარალელური პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამთავრობო არხებით, რომ მარეგულირებლებისა და ჯანმოს მიერ დამტკიცებული ერთ-ერთი ვაქცინა, შემოვიტანოთ ქვეყანაში უფრო ადრე, იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში, ანუ ამაზე მიდის მუშაობა. საუბარია 200 ათასიდან 300 ათას დოზამდე, რათა ქვეყანაში ვაქცინაცია რაც შეიძლება მალე დაიწყოს“, - აღნიშნა ჯანდაცვის სპეციალისტმა.
მისივე თქმით, COVAX პლატფორმაზე, ვაქცინისთვის წინასწარი შენატანი 4 მილიონი დოლარი საქართველომ უკვე გადარიცხა.
„სულ ჯდება 17 მილიონი დოლარი - 700 ათასი ადამიანისთვის, ანუ მოსახლეობის 20%-ის აცრა ორჯერადად მილიონ ოთხასი ათასი დოზით. COVAX-ი შეისყიდის 4-5 ვაქცინას, და ჩვენი კონტრაქტით ამ ვაქცინებიდან არჩევის საშუალება გვექნება. შემოვიტანთ დაახლოებით მარტ-აპრილში.
პირველი მოქალაქე, რომელმაც დღეს დიდ ბრიტანეთში Pfizer/BioNTech-ს მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, 90 წლის ქალია.