„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილება. „დროას“ ლიდერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყურადღების გადატანას ცდილობს, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.
„ეს მათი ფანტაზიის მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს, ასევე, ეს არის მცდელობა, ყურადრება გადაიტანონ არაადეკვატურ საკითხზე, მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილს და ჩემს ჯანმრთელობაზე არის „ქართული ოცნება“, რომელსაც ზუსტად ერთ წამში შეუძლია, გადაწყვიტოს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის პრობლემა - ეს არის მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის პირობებიდან გამოყვანა, (ვციტირებ ომბუდსმენს) და სამოქალაქო კლინიკაში წაყვანა. ამიტომ, ლაპარაკი რაღაც შეთქმულებაზე, ჩემს კოლეგებთან დაპირისპირებაზე ან ყურადღების გადატანა არ გამოუვათ“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ და დაამატა, რომ ამით „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის.
ელენე ხოშტარია მედიკამენტებს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასიცოცხლო პარამეტრებს საფრთხე შეექმნება.
ის მერვე დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს. გუშინ მას სასწრაფო სამჯერ დასჭირდა.
ელენე ხოშტარიას შეფასებით, რუსთავის საპატიმროდან გლდანის დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ველური, სასტიკი შურისძიების აქტი უწოდა.
„ერთადერთი, რადგან პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა, თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს. თუ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ ეს ზღვარი არის უკვე სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს იმიტომ, რომ მე არ ვაპირებ დანებებას, არ ვაპირებ არც სიკვდილს, არც ბრძოლის შეწყვეტას. მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ამავე თემაზე
ირაკლი კობახიძე: გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე, რადიკალებმა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილეს