აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა.
ოპოზიციისთვის მთავარ საკითხებში, რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრებზე, ფუნდამენტური განსხვავებაა პოზიციებს შორის, ხოლო საარჩევნო გარემოსთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული კონტურები, რომ რაღაც საკითხებზე შეთანხმება შედგეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისა და „პოლიტპატიმრების“ საკითხის მოგვარების გარეშე კრიზისის დაძლევას და პარლამენტში შესვლას არ განიხილავენ.
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, გარკვეულ საკითხებზე, გარკვეულწილად, მათი პოზიციები დაახლოვდა.
„ოპოზიცია ერთიანია. თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, ოპოზიციური პარტიები გააგრძელებენ ბოიკოტს. ამაში ყველანი ვართ ერთიანი. არსებობს ყველასთვის ცნობილი 4 ძირითადი საკითხი; ვადამდელი არჩევნები. პოლიტიკური პატიმრების საკითხი, საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირების საკითხები. პირველ ორ საკითხზე დაშორებულები ვართ ერთმანეთისგან, მესამე სა მეოთხე საკითხებზე, გარკვეულწილად, დავახლოვდით“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საარჩევნო საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლოა იყოს ის საკითხი, რის გამოც ოპოზიცია პარლამენტში შევა.
„არჩევნების საკითხი უდაოდ მთავარი საკითხია, რადგან ოპოზიციამ ამასთან დაკავშირებით სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები სამოაყენა, როდესაც არჩევნები დასრულდა. ამდენად, ჩვენ მზად ვართ, ყველა იმ შეკითხვაზე, როელიც ოპოზიციამ დასვა არჩევნებთან დაკავშირებით, გავცეთ პასუხები, გავცეთ პასუხები, ვიმუშაოთ ამ საარჩევნო რეფორმაზე და შესაბამისად, ერთხელ და სამუდამოდ ამოვწუროთ ეს საკითხი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, ბევრ საკითხზე იყო ცხარე კამათი, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
„ძალიან ცხარე კამათი იყო ბევრ საკითხზე, რაღაცაზე შევთანხმდით, რაღაცაზე - ვერა. ლამის ვეხვეწე ელჩებს, რომ მომცენ უფლება, ვისაუბრო დეტალებზე. ელჩებმა დაჟინებით გვთხოვეს, რომ არ მოვყვეთ დეტალები. ძალიან მალე უნდა შევხვდეთ ისევ“, - განაცხადა ელისაშვილმა.