პროკურორი: მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას

მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას, ის სასჯელის მოხდას შესაბამის დაწესებულებაში გააგრძელებს, რადგან მას მისჯილი აქვს 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე. ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკალაურმა განაცხადა.

„7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ, აღკვეთის ღონისიძების გამოყენების საფუძველი იყო, მათ შორის ის გარემოება, რომ ბრალდებული თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას და იყო ძებნაში, ვინაიდან, ის დაკავებულია და მოთავსებულია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ ეტაპზე აღარ იყო საჭიროება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებისა.

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გააგრძელებს სასჯელის მოხდას შესაბამის დაწესებულებაში, მას მისჯილი აქვს 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ს.გირგვლიანის და ვ.გელაშვილის საქმეებზე სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ”, - აცხადებს პროკურორი.

მისი თქმით, 7 ნოემბრის ეპიზოდზე დღეს გამართულ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ბრალდებული გიორგი უგულავა გამოცხადდა.

ჯარჯი წიკლაურის თქმით, პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს, რომ როგორც გიორგი უგულავამ, ისე ყველა სხვა ბრალდებულმა პირებმა 7 ნოემბერს ჩადენილი დანაშაულებისთვის კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი.

გიგი უგულავა მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

ჯარჯი წიკლაურის თქმით, გიგი უგულავას მიზანი არ ყოფილა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობა, მისი მიზანი იყო პოლიტიკური სანახაობის მოწყობა.

როგორც საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის დასწრებას ითხოვდნენ, სასამართლომ კი, დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.