კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია არ არის მიუკერძოებელი და პოლიტიკისგან თავისუფალი.
ვიცე-პრემიერმა ამით ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება შეაფასა.
„თუ მან მართლაც ასე თქვა, მხოლოდ შემიძლია, დავეთანხმო და ჩემს თავს უფლება მივცე, არ წავიდე უფრო შორს, არ გავამხილო, თუ ვინ სთხოვა „ქართულ ოცნებას“, ქალბატონი ნინო ყოფილიყო იქ, სადაც ბრძანდება.
რა თქმა უნდა, ის პოლიტიზებულია. მე ვარ ადამიანი, ვინც მას ბევრჯერ ვაკრიტიკებდი. სამწუხაროდ, ჩვენს სახალხო დამცველს აქვს ყველაფერი, გარდა იმისა, რაც უნდა ჰქონდეს, ანუ ნეიტრალიტეტი, მიუკერძოებლობა და თავისუფლება პოლიტიკისგან.
ის არ არის თავისუფალი პოლიტიკისგან. გასაგებია, კეთილშობილური საქციელია, რომ ჩვენ მას ვენდეთ, მე მაშინ პარლამენტში არ გახლდით, მაგრამ ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება იყო. მან პრინციპში ის ნდობა, რომელიც გულისხმობდა დეპოლიტიზებულად, მიუკერძოებლად, ნეიტრალურად საქმიანობის განხორციელებას, ხანდახან შეძლო და ხანდახან ვერ შეძლო. ეს რა თქმა უნდა, სამწუხაროა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აჩვენებს, თუ რატომ არ შეიძლება არცერთი თანამდებობის მიცემა „ნაცმოძრაობისთვის“.
ამავე თემაზე:
კელი დეგნანი: სახალხო დამცველის ინსტიტუტი კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს