ცესკოში მიმდინარე სხდომაზე, ოპოზიცია შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას ითხოვს

ოპოზიცია ოლქებში, სადაც თვითმმართველობის მეორე ტური გაიმართა, შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას ითხოვს

ცესკოში სხდომა, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები და მერობის კანდიდატები ესწრებიან, კამათის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლები ცესკოს თავმჯდომარეს უხსნიან, თუ რატომ არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს.

"იზო ჩირგაძე კინაღამ გაიტაცეს, სანამ ჩემს შტაბში მოაღწევდა. საზოგადოებას აინტერესებს, თუ დაინტერესდით იმ ადამიანის ბედით, ვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვები აშანტაჟებდნენ", - განაცხადა სხდომის მიმდინარეობისას ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ბიულეტენების გადათვლის შესახებ განაცხადა, რომ 194 უბნის გადათვლის შემდეგ, 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა, ჯამში მერობის კანდიდატებს დააკლდათ 31 ხმა და მოემატათ 53 ხმა.

გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ კენჭისყრის დასრულებიდან ექვსი დღის ვადაში სავალდებულო წესით, უნდა გადაითვალოს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი 5-5 საარჩევნო უბანი ყოველ საარჩევნო ოლქში.