ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარს: ეს არის კრიმინალების მფარველობა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, „უცხოელი პარტნიორების უდიდესი უმრავლესობა სათანადოდ აფასებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აქვს ობიექტური დამოკიდებულება, ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქვეყნის ხელისუფლების, ხოლო, მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ; მათი უმრავლესობა აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამართლიანად იხდის მისთვის შეფარდებულ სასჯელს“, თუმცა, ირაკლი კობახიძის აზრით,„არიან მცირერიცხოვანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც „ჯიუტად არ ცვლიან“ პოზიციას და „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტობას ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე სწორხაზოვნად განაგრძობენ“.

„ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის ლობისტია, მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმარი უწოდა. ასეთ ადამიანებს გვინდა, დავუსვათ მარტივი კითხვა - ცნობენ თუ არა ისინი საქართველოს სახელმწიფოდ? და თუ ცნობენ - მიაჩნიათ თუ არა, რომ სამართლისა და კანონის უზენაესობა სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტია? ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციის ყველა მცდელობის უკან იკითხება ერთადერთი მიზანი - ეს არის კრიმინალების მფარველობა და მათთვის სასჯელის არიდება იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც წარსულში აქვთ ჩადენილი ან მომავალში აქვთ ჩასადენი. ამ მცდელობის მიმართ, რომლის უკანაც იგივე პარტიები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოელი ლობისტები დგანან, ბუნებრივია, ჩვენ ლოიალური ვერ ვიქნებით.

საკითხი დგას მარტივად - ან ეს ადამიანები აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში კანონი უნდა კანონობდეს, ან ჩვენ მოგვიწევს, მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები. მათ უნდა აჩვენონ, რომ არიან საქართველოს მეგობრები და არა სააკაშვილისა და მისი კრიმინალი თანაგუნდელების მეგობრები.

მომავალში, როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების ნაბიჯებს შევაფასებთ, ჩვენთვის სახელმძღვანელო სწორედ ამ წერილში ასახული მთავარი პრინციპი იქნება - ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ“, - აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

ამავე თემაზე:

ანა ფოტიგა: შექმნილ სიტუაციას საერთაშორისო საზოგადოება შეაფასებს

იუსტიციის მინისტრი ანა ფოტიგას პასუხობს