შიმშილობას გიორგი ბარამიძეც იწყებს

შიმშილობას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძეც იწყებს. მისი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა.

მანამდე, 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიწყო შიმშილობა.

„ჩემმა მეგობარმა პარლამენტის წევრებმა, (პარლამენტის შენობაში) პრეზიდენტ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა გამოაცხადეს. უკვე მე-12 დღეა, ამავე მოთხოვნით, შიმშილობს ელენე ხოშტარია. ამ მომენტიდან, მეც ასევე, იგივე მოთხოვნით, ვაცხადებ შიმშილობას. რადგან არ გახლავართ პარლამენტის წევრი, ამის გამო, მათ პარლამენტის შენობაში ვერ შევუერთდები, ამიტომ (მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტის) ამ პროცესს ენმ-ის ცენტრალურ ოფისში განვახორციელებ”, - აცხადებს გიორგი ბარამიძე.

14 ნოემბერს შიმშილობა დაიწყეს დეპუტატებმა: დავით კირტიკაძე, ნიკა მაჭუტაძე, ბაჩუქი ქარდავა, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულ ისმაილოვი.

შეგახსენებთ, რომ მე-12 დღეა, ანალოგიური მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, დღეს საღამოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება. როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ამის მიზეზი შექმნილი მძიმე სიტუაციაა. 14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსის დადასტურების გამო სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ის ლოგინიდან ვეღარ დგება.