დავით კირკიტაძე: არცერთი ჩვენთაგანი შიმშილობის განმავლობაში პარლამენტის შენობას არ დატოვებს

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას შესაბამისი ფართის გამოყოფის მოთხოვნით უახლოეს მომავალში მიმართავენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ არცერთი მოშიმშილე დეპუტატი პარლამენტის შენობის დატოვებას და აქციებში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს.

„შიმშილობის აქტი იქნება საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად, მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე შესაბამის სამსახურებს და მოვითხოვთ ადგილს, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი ჟურნალისტებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ჩვენი შიმშილობის საკითხი დააინტერესებს. არცერთი ჩვენგანი შიმშილობის განმავლობაში არ დატოვებს პარლამენტის შენობას. ჩვენი მეგობრები განაგრძობენ უწყვეტ პროტესტს კიდევ რამდენიმე მოთხოვნებით, პირადად ჩვენი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მულტიპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში.

დრო უკვე აღარ ითმენს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საათობით მძიმდება, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. შუადღეს რამდენიმე აქცია გადაიდო, თუმცა აქცია 19:00 საათზე მაინც ჩატარდება, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას, რადგან არცერთი არ დავტოვებთ პარლამენტის შენობას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

შეგახსენებთ, 9 ოპოზიციონერი პარლამენტარი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნოთ, პარლამენტში შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ დავით კირტიკაძემ 14 ნოემბერს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შიმშილობას იწყებენ: დავით კირტიკაძე, ნიკა მაჭუტაძე, ბაჩუქი ქარდავა, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულ ისმაილოვი.

შეგახსენებთ, რომ მე-12 დღეა, ანალოგიური მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, დღეს საღამოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება. როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ამის მიზეზი შექმნილი მძიმე სიტუაციაა. 14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსის დადასტურების გამო სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ის ლოგინიდან ვეღარ დგება.