მიხეილ სააკაშვილს ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრება სურს

ექსპრეზიდენტს სასამართლოში ხვალინდელ პროცესზე დასწრება სურს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის თქმით, სასამართლში სააკაშვილის გადაყვანის ყველანაირი საფუძველი არსებობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბექა ბასილაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს ისევ არ მიეცემა პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გამოჩენის ეშინია.

ხვალ მიხეილ სააკაშვილის პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე 11:00 საათზეა ჩანიშნული.

„სასამართლოდან მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით, გაიგზავნა პარასკევს, შესაბამისად, ყველანაირი სამართლებრივი პროცედურული საფუძველი, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის არსებობს.

მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება, უშუალოდ მიიღოს პროცესში მონაწილეობა, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ეს უშუალობა და მიხეილ სააკაშვილი წარმოადგინოს სასამართლოს წინაშე. ჯანმრთელობის მდგომარეობა რა თქმა უნდა, ძალიან რთული და მძიმეა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მოიკრებს მაქსიმალურად ძალ-ღონეს და დაესწრება ამ პროცესს. მთავარია, უზრუნველყონ მისი გადაყვანა, მისი არგადაყვანის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მიხეილ სააკაშვილის პირველი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ნოემბერს მის გარეშე გაიმართა.

ცნობისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე ვერგადაყვანის მიზეზად ოპოზიციის „შესაძლო დესტრუქციული ქმედებები და ასევე, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

რაც შეეხება კონსილიუმის საკითხს, საქართველოს ექსპრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ეწინააღმდეგებოდა ექიმების ვიზიტს ციხეში.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი, ცხადია, ითხოვს, პარიტეტული კონსილიუმის დაუყოვნებლივ ფორმირებას და რაც შეიძლება სწრაფად შესვლას ციხეში, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის არ ეწინააღმდეგება არცერთი წუთით ამჟამად არსებული კონსილიუმის ვიზიტს.

„ის მზად არის შეხვდეს როგორც მთლიან კონსილიუმს, ასევე მათ ინდივიდუალურად. ასევე, ვფიქრობთ და მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის ვიზიტი ვიდრე პარიტეტული კონსილიუმი შეიქმნება, უნდა განხორციელდეს ყოველგვარი შეფერხებისა და ხელოვნური ბარიერების გარეშე, - აცხადებს შოთა თითბერიძე.

14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსის დადასტურების გამო სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ის ლოგინიდან ვეღარ დგება.