N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარმა ექიმმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა

N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის მანანა ელეფტეროვას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა უტარდება, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შესაბამის ვიდეოს პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიმდინარე წლის 8 ნოემბრიდან მკურნალობის კურსს გადის პაციენტი მიხეილ სააკაშვილი. მასზე მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება. უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევები, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას სხვადასხვა ტელევიზიის მხრიდან, თითქოს ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ მე-18 დაწესებულება გამოცხადებულია წითელ ზონად, სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.

ასევე, როგორც ექიმი, ჩემს კოლეგებს თხოვნით მოგმართავთ, თავი შეიკავეთ სიტუაციის დრამატიზებისგან, პაციენტების საუკეთსო ინტერესებიდან გამომდინარე“, - აცხადებს მანანა ელეფტეროვა.

ცნობისთვის, 14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსის დადასტურების გამო სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ის ლოგინიდან ვეღარ დგება.

ამავე თემაზე:

მედიცინის სფეროს წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის მრავალფუნქციურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვენ