საქსტატი: ოქტომბერში საქართველოში საარსებო მინიმუმი თითქმის 8 ლარით გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 224.2 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან - პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.

2021 წლის სექტემბერში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 216.3 ლარი იყო, ოქტომბერში კი, ეს მაჩვენებელი შვიდი ლარითა და 90 თეთრით გაიზარდა, ჯამში კი 224.2 ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში 6.9 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 198.5 ლარს შეადგენს.

მიმდინარე წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ განახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.).

საქსტატში აღნიშნავენ, რომ ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.