ნათია თურნავა: ეჭვი არ გვეპარება, რომ 2021 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება

ეკონომიკის მინისტრს ეჭვი არ ეპარება, რომ 2021 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება. ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც 10 თვის საგარეო ვაჭრობის წინასწარი შედეგები შეაფასა. მისი თქმით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 31,4%-ით არის გაზრდილი.

ნათია თურნავას განცხადებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში ექსპორტის ზრდამ იმპორტის ზრდას გადააჭარბა.

„ექსპორტის ზრდა არის დიდი შემომტანია ეკონომიკურ ზრდაში და ეჭვი არ გვეპარება, რომ წლევანდელი წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება. აქვე ვიტყვი, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა გადავწყვიტეთ და უკან მოვიტოვეთ, მაგრამ ეს არის ძალიან საფუძველი იმისა, რომ მივაღწიოთ სიღარიბის დაძლევას და მეტი სამუშაო ადგილები შევქმნათ ჩვენი პროგრამების მეშვეობით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, ოქტომბერში საქართველომ ექსპორტით $411 მლნ მიიღო, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული თანხაა.

დღესვე, მინისტრს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს მის გუშინდელ განცხადებაზე, რომ დღევანდელი ხელისუფლების პერიოდში სიღარიბე ისტორიულ მინიმუმს აღწევს.

„ინფლაცია პრობლემაა და ამაზე საუბარს არ გავურბუვართ, თუმცა უნდა ითქვას, რომ პირველ რიგში, პანდემიამ დატოვა ეს პრობლემა. რაც შეეხება სიღარიბის დონეს, ეს ელემენტალური სტატისტიკაა, 2005, 2006, 2007 წლებში, როდესაც ეკონომიკა, მაღალი ტემპით იზრდებოდა და 2007 წელს, ორნიშნაც იყო, სიღარიბე ლამის 40%-ს აღწევდა, 2018, 2019 და 2020 წლებში სიღარიბის დონე იყო 19, 20, 21 %, თავად ხედავთ, რამხელა სხვაობაა ამ მიმართულებით. ზრდა გახდა არამარტო ზრდისთვის, არამედ მეტად ინკლუზიური“, - განაცხადა ნათია თურნავამ.