დმიტრო კულება: უკრაინა აძლიერებს საზღვარს ბელარუსთან, კოორდინაციაში ვართ პოლონეთთან და ლიეტუვასთან

„უკრაინა ბელარუსთან საზღვარს აძლიერებს და ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ხელოვნურად შექმნილი, „მიგრანტების კრიზისის“ გათვალისწინებით, კოორდინაციაშია პოლონეთისა და ლიეტუვის ქმედებებთან“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გასულ კვირას, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უწყებების ლიდერები შეხვდნენ ქალაქ ლუცკში, ბელარუსის საზღვრიდან არც თუ ისე შორს, და მოიწვიეს პოლონეთისა და ლიეტუვის ელჩები, რადგან ჩვენ გვჭირდება კოლექტიური რეაგირება ბელარუსში არსებულ ვითარებაზე. დღეს ჩვენ ხელოვნურად შექმნილ კრიზისზე გავამახვილეთ ყურადღება, მაგრამ ხვალ რა მოხდება, არ ვიცით.

სამი ქვეყანა დღეს უნდა გაუმკლავდეს ამ კრიზისს და გვახსოვდეს, რომ ეს ამით არ დასრულდება, რუსეთი ხვალ რაღაც ახალს გააკეთებს. სამივე ქვეყანა მზად უნდა იყოს ნებისმიერი სცენარისთვის“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, უკრაინა ამჟამად აძლიერებს საზღვარს ბელარუსთან.

„ჯერჯერობით არ გვინახავს მიგრანტების შემოდინება ჩვენს ქვეყანაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს კრიზისი ხელოვნურია, ეს მიზანმიმართულად ხდება პოლონეთისა და ლიეტუვის წინააღმდეგ, რათა მათი პროვოცირება მოახდინოს და საზოგადოებებში დათესოს უთანხმოება ამ კრიზისის მოსაგვარების გზებზე“, - განაცხადა კულებამ.

ცნობისთვის, კრიზისი ივნისის ბოლოდან გრძელდება. ლიეტუვა, პოლონეთი და ლატვია ბელარუსს მიგრანტებზე მიზანმიმართულ ზეწოლაში ადანაშაულებენ. ისინი ბელარუსს ასევე ადანაშაულებენ ამ ქვეყნებსა და მთლიანად ევროკავშირზე „ჰიბრიდულ თავდასხმაში“.

ევროკავშირი საზღვარზე არსებული ვითარების გამო, ბელარუსისთვის სანქციების მეხუთე პაკეტს ამზადებს.

შეგახსენებთ, 10 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ვაშინგტონში, ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს. ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელარუსი „ჰიბრიდულ თავდასხმაში“ დაადანაშაულა.

ბელარუსს რუსეთი მხარს უჭერს. 10 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა Ту-22М3-ის კლასის ბომბდამშენებმა საჰაერო პატრულირება ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ დაიწყეს.

Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, NATO-ს ოფიციალური პირი მიგრანტთა ხელოვნურ კრიზისზე პასუხისმგებლობას ბელარუსს აკისრებს. NATO-ს შეფასებით, ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება უკანონო, მიუღებელი და არაჰუმანურია.

„NATO-ს ელჩებმა ამ კვირაში განიხილეს პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე არსებული ვითარება. NATO-ს მოკავშირეები პოლონეთის მიმართ სრულ სოლიდარობას გამოხატავენ. ალიანსი ასევე დგას სხვა მოკავშირეების გვერდით, რომლებზეც გავლენა მოახდინა ბელარუსის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაციამ.

ბელარუსს ეკისრება პასუხისმგებლობა კრიზისზე და ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების, როგორც „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება არაჰუმანური, უკანონო და მიუღებელია. NATO სიტუაციის ახლოდან მონიტორინგს განაგრძობს. გენერალური მდივანი ამ საკითხზე მჭიდრო კავშირშია მოკავშირე მთავრობებთან. NATO მზადაა, შემდგომი დახმარება გაუწიოს ჩვენს მოკავშირეებს და განამტკიცოს თავდაცვა და უსაფრთხოება რეგიონში“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა.

ამავე თემაზე:

ჯო ბაიდენი: ჩვენი შეშფოთება რუსეთსა და ბელარუსს გავაცანით