ჯო ბაიდენი: ჩვენი შეშფოთება რუსეთსა და ბელარუსს გავაცანით

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბელარუსში შექმნილი სიტუაციის გამო შეშფოთება გამოთქვა. როგორც ცნობილია, ბელარუსს პოლიტიკური მიზნებისთვის მიგრანტების გამოყენებაში ადანაშაულებენ, რომლებიც პოლონეთსა და ლიეტუვაში მისი ტერიტორიის გავლით გადასვლას ცდილობენ.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ღრმად შემაშფოთებელია. ჩვენ გავაცანით ჩვენი შეშფოთება რუსეთს, ბელარუსს“, - Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ის თეთრ სახლს ტოვებდა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემაა“, - დაამატა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენის ეს განცხადება ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის შეფასებას მოჰყვა. კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ეს საკითხი პარიზში ვიზიტისას, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან განიხილა.

„ბელარუსი „ძალიან შემაშფოთებელი საქმიანობით არის დაკავებული. ეს საკითხი განვიხილეთ პრეზიდენტ მაკრონთან. მსოფლიო ლიდერები თვალყურს ადევნებენ იქ მიმდინარე მოვლენებს", - განაცხადა ჰარისმა შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, 10 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ვაშინგტონში, ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს. ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელარუსი „ჰიბრიდულ თავდასხმაში“ დაადანაშაულა.

ცნობისთვის, მიგრანტები, ძირითადად ერაყიდან და ავღანეთიდან, ყინვის პირობებში აფარებენ თავს ბელარუსს, და ევროკავშირის სახელმწიფოების, პოლონეთისა და ლიეტუვას შორის საზღვარს, რომლებიც უარს ამბობენ მათ მიღებაზე. ზოგიერთი უკვე გარდაიცვალა და ვითარების კიდევ უფრო გართულების შიში არსებობს.

რაც შეეხება ბელარუსის პოზიციას, ის უარყოფს კრიზისის გაღვივებას, მაგრამ განაცხადა, რომ ვერ დაეხმარება ევროპას ამ საკითხის გადაჭრაში, თუ ევროკავშირი არ მოხსნის სანქციებს.

როგორც ცნობილია, ევროკავშირმა სანქციები მას შემდეგ დააწესა, რაც ლუკაშენკომ მასობრივი საპროტესტო აქციები გასული წლის საყოველთაოდ დისკრედიტირებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩაახშო.

ევროკავშირის მხრიდან სანქციების გაფართოების შემთხვევაში კი, რუსეთის ახლო მოკავშირე, პრეზიდენტი ლუკაშენკო ევროკავშირს ევროპაში გაზის ტრანზიტის გადაკეტვით ემუქრება.

ბელარუსს რუსეთი მხარს უჭერს. 10 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა Ту-22М3-ის კლასის ბომბდამშენებმა საჰაერო პატრულირება ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ დაიწყეს.

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დმიტრი პოლიანსკი, აცხადებს, რომ ბომბდამშენების გაგზავნა, პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის ევროპულ მონაკვეთზე დამატებითი სამხედრო რესურსის თავმოყრაზე პასუხია.

თავის მხრივ, ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ფრენები ერთობლივი საწვრთნელი მისიების ფარგლებში რეგულარულად განხორციელდება.

როგორიც NATO-ს პოზიცია, ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ 12 ნოემბერს მიიღო განცხადება, რომელშიც გმობს ხელოვნურად შექმნილ კრიზისს და მის, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის წინააღმდეგ.

NATO-ს მოკავშირეები მოუწოდებენ ბელარუსს, შეწყვიტოს ეს ქმედებები, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დაიცვას საერთაშორისო სამართალი.

ამასთან, Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, NATO-ს ოფიციალური პირი მიგრანტთა ხელოვნურ კრიზისზე პასუხისმგებლობას ბელარუსს აკისრებს. NATO-ს შეფასებით, ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება უკანონო, მიუღებელი და არაჰუმანურია.

„NATO-ს ელჩებმა ამ კვირაში განიხილეს პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე არსებული ვითარება. NATO-ს მოკავშირეები პოლონეთის მიმართ სრულ სოლიდარობას გამოხატავენ. ალიანსი ასევე დგას სხვა მოკავშირეების გვერდით, რომლებზეც გავლენა მოახდინა ბელარუსის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაციამ.

ბელარუსს ეკისრება პასუხისმგებლობა კრიზისზე და ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების, როგორც „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება არაჰუმანური, უკანონო და მიუღებელია. NATO სიტუაციის ახლოდან მონიტორინგს განაგრძობს. გენერალური მდივანი ამ საკითხზე მჭიდრო კავშირშია მოკავშირე მთავრობებთან. NATO მზადაა, შემდგომი დახმარება გაუწიოს ჩვენს მოკავშირეებს და განამტკიცოს თავდაცვა და უსაფრთხოება რეგიონში“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა.