სტოლტენბერგი: რიგის მინისტერიალზე კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს და უკრაინის მიმართ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოსა და უკრაინასთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, ქართველ ჟურნალისტებს რიგის მინისტერიალზე საუბრისას განუცხადა.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ მხარდაჭერას და ამავე დროს ვაფასებთ, რომ ახლოს, აქტიურად ვმუშაობთ შავი ზღვის რეგიონში, რომელიც კარგია არამხოლოდ საქართველოსთვის და უკრაინისთვის, არამედ კარგია NATO-ს მოკავშირეებისთვისაც, რადგან შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთხელ, NATO-ს წევრები უზრუნველყოფენ მხარდაჭერას, შესაძლებლობების გაძლიერების, წვრთნების გზით უკრაინისა და საქართველოსთვის და როდესაც შევხვდებით მომავალ სამიტზე, ასევე, თვის ბოლოს რიგის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი ორივე ახლო პარტნიორის მიმართ.

ჩვენ უკრაინის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთად შევხვდებით, ეს რა თქმა უნდა ალიანსისთვის იქნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაადასტუროს მკაფიო მხარდაჭერა უკრაინის, საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონის მიმართ, რომელიც NATO-სთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და რომლის ქვეყნებთან თანამშრომლობას NATO დიდად აფასებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამავე თემაზე:

NATO-მ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ალიანსის მინისტერიალზე მიიწვია