20-ზე მეტი არასამთავრობოს განცხადება: ხელისუფლების დაპირისპირება დასავლელ პარტნიორებთან ტენდენციის ფორმას იღებს

20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი ბოლო განცხადება „ცალსახად ემსახურება საქართველოს დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების დისკრედიტაციას“.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიის ლიდერები საჯაროდ და დაუფარავად ესხმიან თავს უცხოელ პარტნიორებს, როცა ისინი კრიტიკულად აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს“.

ორგანიზაციები „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოხატავენ და მიაჩნიათ, რომ „აშკარაა, უკვე ტენდენციის ფორმას იღებს ხელისუფლების დაპირისპისპირება დასავლელ პარტნიორებთან“.

„კრიტიკა ხშირად ეხება სასამართლო სისტემაში შექმნილ მდგომარეობას, პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს, საარჩევნო დარღვევებს თუ სხვა საკითხებს, რომლებიც მათ, როგორც ქვეყნის გულშემატკივრების, სამართლიან გულისწყრომას იწვევს.

ცალკეული ჯგუფები და ლიდერები არც შეურაცხმყოფელ ტონს ერიდებიან და ხშირად ადანაშაულებენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში მათ, ვის პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზეც საქართველოს სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული. ასეთი რიტორიკით, ქვეყანას, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა განვითარების დასავლურ ვექტორს უჭერს მხარს, სულ უფრო მეტი ზიანი ადგება. ამას ემატება საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან რეფორმებსა და დასავლეთის ფინანსურ დახმარებებზე საჯაროდ უარის თქმა. საგანგებო აღნიშვნის ღირსია საქართველოში ბოლოდროინდელი პოლიტიკური კრიზისების დარეგულირებაში ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გაწეული უდიდესი ძალისხმევით მიღწეული შედეგები, რომლებიც საბოლოოდ უგულებელყოფილი იქნა ხელისუფლების მხრიდან.

როგორც ჩანს, მმართველი პარტია არ აპირებს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წარმართვას და ამისთვის მზადაა, დასავლეთის სახელმწიფოებთან და პოლიტიკოსებთან ურთიერთობაც გაიფუჭოს, ქვეყანას კი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სერიოზული პრობლემები შეუქმნას“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; ღია საზოგადოების ფონდი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი; ევროპის ფონდი; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; მედიის განვითარების ფონდი; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის; საზოგადოება და ბანკები; საქართველოს გაეროს ასოციაცია; ადამიანის უფლებათა ცენტრი; კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი; მმართველობის მონიტორინგის ცენტრი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; “უფლებები საქართველო”; „საფარი“; „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი“.

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარს: ეს არის კრიმინალების მფარველობა