ბრიუსელში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს, ჯეიჰუნ ბაირამოვს და არარატ მირზოიანს ესაუბრა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრაზე განიხილეს, რეგიონში არსებული ვითარება, საქართველოს ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის გაძლიერების და მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული დაძაბული სიტუაციის დეესკალაციის მნიშვნელობა.
დავით ზალკალიანმა დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, მომავალშიც არ დაიშუროს ძალისხმევა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთთან საზღვრის სიახლოვეს შეიარაღებული შეტაკებებისას, შვიდი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ათი კი დაიჭრა.
სომხეთის მხარის ინფორმაციით, დაიღუპა ერთი სომეხი ჯარისკაცი, ხოლო 13 სამხედრო მოსამსახურე ტყვედ აიყვანეს. კიდევ 24 ჯარისკაცი დაკარგულად მიიჩნევა.
ამავე თემაზე: