აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ განახლებისკენ მოუწოდებს

Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ განახლებისკენ მოუწოდებს.

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აქტიური ბრძოლების შესახებ დღეს შემაშფოთებელი ცნობები შევიტყვეთ. მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და განაახლონ არსებითი მოლაპარაკებები, მათ შორის, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით, რათა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებულ ან მის შედეგად გამოწვეულ ყველა გადაუჭრელ საკითხზე, ყოვლისმომცველი გადაწყვეტის გზები იპოვონ“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ განახლებული შეტაკებების ფონზე, სომხეთმა მოსკოვს დახმარება სთხოვა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 16 ნოემბერს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა აღკვეთეს სომხური ძალების „მასშტაბიანი პროვოკაცია“ სომხეთის მოსაზღვრე კალბაკარსა და ლაჩინის რაიონებში.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადანაშაულა აზერბაიჯანელი ჯარისკაცები საზღვართან მის პოზიციებზე საარტილერიო, ჯავშანტექნიკისა და იარაღის გამოყენებაში. ამასთან, სომხეთი აზერბაიჯანის მიერ 12 სამხედრო მოსამსახურის დატყვევების შესახებ იტყობინება.

განახლება ამავე თემაზე

სომხური მედიის ცნობით, სროლა შეწყდა და ვითარება შედარებით დასტაბილურდა