სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიების ფარგლებში კონსილიუმის წევრი გამოკითხეს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აპარატში გამოკითხვაზე დაიბარეს კონსილიუმის წევრები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით შეიქმნა.

კონსილიუმის წევრმა ალექსანდრე ცისკარიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შენობის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა საუბარი იყო კონსილიუმის მუშაობის შესახებ.

მისივე ცნობით, კონსილიუმის ყველა წევრი დაიბარეს გამოკითხვაზე.

„ზოგადად დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ობიექტური და საქმის არსის გარკვევის თვალსაზრისით იყო ობიექტური. მე სიმართლე გითხრათ, თვითონ ვერ შევაფასებ კლინიკის პოტენციალს, თუმცა ერთ რამეში ნამდვილად დაგეთანხმებით, რომ უნდა იყოს, რაც შეიძლება მაღალი სამედიცინო სტანდარტი, რაც შეიძლება ჩვენმა ქვეყანამ მიაწოდოს მიხეილ სააკაშვილს“, - განაცხადა ალექსანდრე ცისკარიძემ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტმა კარდიოლოგიის დარგში ზურაბ ფაღავამ კონსილიუმის რიგები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

მის შემადგენლობაში არიან დავით მეტრეველი - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ​ ენდოკრინოლოგიის დარგში; ალექსანდრე ცისკარიძე - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ნევროლოგიის დარგში; ნინო შარაშენიძე - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგიის დარგში.

კონსილიუმი ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით შეიქმნა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის შემთხვევაზე გამოძიებას აწარმოებს. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 სამკურნალო დაწესებულებაში.

გამოძიების დაწყების საფუძველი სახალხო დამცველის აპარატიდან შესული შეტყობინება და სოციალურ ქსელებსა თუ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია გახდა.