ამირან გამყრელიძე: აცრების გარეშე პანდემიას ვერ შევაჩერებთ და ყოველ ორ თვეში ასეთი ტალღები გვექნება, რომელიც რიგ შემთხვევებში ფატალურად დამთავრდება

ყოველდღიურად, 4-5 ათასი შემთხვევა საქართველოსთვის ძალიან მაღალია, ამავე დროს დადებითობის ყოველდღიური მაჩვენებლის კლების ტენდენცია შეინიშნება, 9%-ს ჩამოსცდა, თუმცა ბოლო 7 და 14 დღის ისევ 9-1-%-ის ფარგლებშია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, გარკვეულწილად დამაიმედებელია რეპროდუქციის ინდექსი, რომელიც 1-ს ჩამოსცდა, მაგრამ სამწუხაროდ, სიკვდილიანობის ინდიკატორი ისევ მაღალია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში საკმაოდ რთული და დაძაბულია.

ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდვითარების კიდევ უფრო მეტად გაუარესებას ვაქცინაციის და წესების დაცვის გარდა არაფერი შეაჩერებს. მისივე ცნობით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 37%-ზეა ჩამოსული.

„ბოლო დღეებში აცრების რაოდენობამ მოიმატა და იყო დაახლოებით 7300-ის ფარგლებში. გაზრდილია პირველ დოზაზე აცრილთა რაოდენობა და გარკვეულწილად იმუშავა წამახალისებელმა აქციებმა“, - აღნიშნა გამყრელიძემ და დაამატა, რომ ვაქცინაციის კამპანია კიდევ უფრო აქტიურდება.

მისივე თქმით, „აცრების გარეშე პანდემიას ვერ შევაჩერებთ და ყოველ ორ თვეში ასეთი ტალღები გვექნება ასეთ მაღალ ნიშნულზე, რომელიც სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში ფატალურად დამთავრდება“.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის აცრას, რადგან სიკვდილიანობის 85% 60 წელს გადაცილებულებშია. ამიტომ, პირველი სამიზნე სწორედ ეს ასაკობრივი ჯგუფია.

დღეს ქვეყანაში დაახლოებით 790 000 ამ ასაკის მოსახლეობაა, იქედან მხოლოდ 300 000-მდეა აცრილი და სრულად კიდევ ცოტა ნაკლები. ამიტომ, საჭიროა კიდევ 400-დან 500 ათასამდე ამ ასაკის ადამიანების აცრა. ამიტომ გთხოვთ, 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობას, მივიდეთ სამედიცინო პუნქტებში და ავიცრათ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4446 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 77 პაციენტი.

17 ნოემბერს აიცრა 7 307 ადამიანი. 18 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 074 270 აცრა, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 092 918 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 38.5 %. სრულად ვაქცინირებულია 973 796 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.1%.