სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეკატერინე ტიკარაძე სამოქალაქო კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანას დაეთანხმა

ჯანდაცვის სამინისტრო ალბათ იმუშავებს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მულტიპროფილურ კლინიკაში. სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრს, გიორგი გრიგოლიას ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეკატერინე ტიკარაძე დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის შესაძლებელი გლდანის მე-18 დაწესებულებაში და ის უნდა გადაიყვანონ მულტიპროფილურ კლინიკაში.

მისი თქმით, ყველა ექიმი აბსოლუტურად ერთ აზრზეა.

„ორივე ჯგუფმა შეძლო არგუმენტების მოყვანა და ალბათ ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა. ეკატაერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე, როგორიც ნებისმიერი ექიმის, ის იქცეოდა, როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე. ის ყველა არგუმენტს დაეთანხმა, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია გადაყვანა კლინიკაში“, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

ჯანდაცვის მინისტრი მისივე ინიციატივით შეხვდა როგორც უწყების, ასევე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებს.

ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმატოლოგ გულიკო ქილიფთარის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.