საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ კიდევ ერთ მოქალაქეს დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაცია 19 ნოემბერს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 103-ე შეხვედრა გაიმართა.
„დღევანდელი შეხვედრა განვითარდა გენადი ბესტაევის მძიმე მდგომარეობის ფონზე, ჩვენ დავაყენეთ საკითხი რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია წინა დღეების შესახებ , რაც წინ უძღოდა გენადი ბესტაევის ინსულტს. დავაფიქსირეთ პოზიცია რომ გენადი ბესტაევი არის ოკუპაციის მსხვერპლი. სამწუხაროდ, ასეთი მსხვერპლი გვყავს არაერთი, ამავე კონტექტსში გაჟღერდა არჩილ ტატუნაშვილი. ბაშარული.
გარდა ამისა ხანგრძლივი დისკუსია გაიმართა უკანონო, ე.წ ბორდერიზაციის საკითხებზე, იმ პროცესებზე, რომლებიც ვითარდება კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ და ასევე საუბარი შეეხო სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ პროცესებს და მოგეხსენებათ ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია იქ განთავსებულ პოლიციის სტანდარტულ პოსტთან დაკავშირებით“, - აღნიშნა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.
მიმდინარე წლის აგვისტოში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრები გელა გოჭოშვილი დააკავეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდება წაუყენეს. აგვისტოში გოჭოშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია, ქართულ მხარეს ერთთვიანი დაგვიანებით მიაწოდეს.
შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევის მდგომარეობა მძიმეა.
ცნობისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მორიგი შეხვედრა 2022 წლის 20 იანვარს ჩაინიშნა.