CNN - აშშ-ის 50-ვე შტატმა და კოლუმბიის ოლქმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად დაამოწმა

აშშ-ის 50-ვე შტატმა და კოლუმბიის ოლქმა საპრეზიდენტო არჩევნების საკუთარი შედეგები ოფიციალურად დაამოწმა,- ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, დასავლეთ ვირჯინია გახდა უკანასკნელი შტატი, რომელმაც ოთხშაბათს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაადასტურა, ანუ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სარჩევნო კოლეგიაში შტატის ხუთი ხმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკუთვნის.

შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საარჩევნო კოლეგიის შეკრებაა, რომელიც, კანონის თანახმად, 14 დეკემბერს უნდა გაიმართოს. საარჩევნო კოლეგიის წევრების ხმებს კონგრესის ერთობლივ სხდომაზე ითვლიან, რომელიც 6 იანვარს გაიმართება.

CNN-ი იუწყება, რომ წინასწარი პროგნოზით არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მოაგროვა, ხოლო დონალდ ტრამპმა - 232. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტად დამტკიცებისთვის საარჩევნო კოლეგიის 538 ხმიდან 270 ხმაა საჭირო.