კელი დეგნანი: ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ეს საკითხები გადაიჭრას

ამერიკის ელჩმა ელენე ხოშტარიას შიმშილობაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. კელი დეგნანი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, მოშიმშილეებმა უარი არ თქვან წამლების მიღებაზე.

„რა თქმა უნდა, ძალიან გვაღელვებს ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ორი კვირაა, შიმშილობს და მიიჩნევს, რომ თავისი ქმედებით შეუწყობს ხელს ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურობას. ამასთან, იმედოვნებს, რომ შეძლებს ღრმა პოლარიზაციის გადალახვას, რაც აფერხებს ქვეყნის განვითარებას და ამისთვის მიმართავს უკიდურეს ზომას. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან, ისევე როგორც ყველა მოშიმშილემ იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე, უარი არ თქვან წამლების მიღებაზე. მესმის, რომ ეს ყველაფერი მათი მოსაზრებებიდან გამომდინარე ხდება, მაგრამ უარი არ უნდა თქვან სამედიცინო მომსახურებაზე.

ჩვენ, ჩვენი მხრივ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს პრობლემები მალე გადაიჭრას. შეიძლება, ჩვენი საქმიანობის ნაწილი საზოგადოებისთვის არ იყოს ცნობილი, თუმცა ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ეს საკითხები გადაიჭრას“, - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.

ცნობისთვის, პოლიტიკური პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას დედამ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს მიმართა, სასწრაფოდ მიიღონ ზომები, რათა მისი შვილის, სიცოცხლე საფრთხეშია - „ოთხი შვილის დედის, რომელიც თავს სწირავს საქართველოს გულისთვის, საქართველოს მოქალაქეების გულისთვის“.

ამავე თემაზე:

პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან ეტლი მიიტანეს