„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძეს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციას ნიკა გვარამიას და უკრაინის კონსულის მე-18 დაწესებულებაში მიყვანა სთხოვა.
„გადაყვანასთან დაკავშირებით, როგორც ვვარაუდობდი და როგორც გაფრთხილებული ვიყავი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, ის არ გავიდოდა თავისი ნებით მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან ჩემი აქ ყოფნის გარეშე.
ასევე, მან მოსთხოვა ადმინისტრაციას, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მოსულიყვნენ აქ, რათა მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა. ვიდრე ისინი არ მოვლენ და ჩვენთან ერთად არ გადაწყდება ეს საკითხი, არცერთ შემთხვევაში ის არ გადავა აქედან.
ისინი მალე მოვლენ და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შეხვედრის შემდეგ მოხდება შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რათა ადამიანმა დროზე შეწყვიტოს შიმშილობა. მას აქვს გამოცდილება, რომ ხელისუფლება ყოველ ჯერზე ტყუის და შეუძლიათ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გაიტაცონ თუ ვინმე ამას შეუკვეთავს, აქედან გამომდინარე მას ამ ადამიანების არანაირი ნდობა არ გააჩნია.
ამიტომ, აღნიშნული ადამიანების თანდასწრებით უნდა შესრულდეს გადაყვანის აქტი, თუ დაიგვიანებენ ვითარება გაუარესდება, თუ იჩქარებენ. მალე მოხდება ეს პროცესი“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
ნიკა გვარამია ადგილზე უკვე მივიდა. დაწესებულებაში ასევე ელოდებიან უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს. გავრცელებული ცნობებით, კონსული იზოლაციაშია.
მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ.