მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ.
„პატიმარი მიხეილ სააკაშვილი #12-ე დაწესებულებაში შესახლების დღიდან სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც მას კანონმდებლობით აქვს მინიჭებული. ყველა სამედიცინო მომსახურება, რომელიც ესაჭიროებოდა, მას მიეწოდა, მისი უფლებები არის დაცული, რისი ნათელი დასტურიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მომჩივნის ერთადერთი მოთხოვნა სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანასთან დაკავშირებით. ეს გარემოება ნათლად უსვამს ხაზს ჩვენი თითოეული მოქმედების კორექტულობასა და ერთგულებას ჭეშმარიტი დასავლური ღირებულებებისადმი.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ წუთამდე არ შეუსრულებია სტრასბურგის სასამართლოს დაჟინებული მოწოდება შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე, რითაც საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ასევე სხვა ადამიანების ჯანმრთელობას.
სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ ის გარემოებაც, რომ დესტრუქციულ ოპონენტებს ნაცვლად იმისა, რომ გადაედგათ ჰუმანური ნაბიჯი და მოეწოდებინათ მისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სრულიად გაუგებრად იყენებდნენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას საკუთარი ვიწრომერკანტილური, პოლიტიკური ინტერესებისთვის, რასაც არაფერი აქვს საერთო ადამიანურ თანადგომასთან.
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სისრულეში მოსაყვანად, რომელსაც ობსტრუქციული პოლიტიკური ძალის წაქეზებით არ ასრულებს პატიმარი სააკაშვილი, ვთავაზობთ შემდეგს, რომ გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
19 ნოემბერს, სახალხო დამცველმა სააკაშვილის მდგომარეობის გამო, იუსტიციის სამინისტრო შესაძლო ლეტალური შედეგის შესახებ გააფრთხილა მას შემდეგ, რაც 18 ნოემბერს ექსპრეზიდენტმა გონება დაკარგა. 18 ნოემბერს, საღამოს, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად სტაბილურია.
პარალელურად, შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც ეკატერინე ტიკარაძემ როგორც უწყების, ასევე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები მიიწვია. შეხვედრიდან გამოსული ექიმი, გიორგი გრიგოლია, რომელიც ომბუდსმენის მიერ ჩამოყალიბებულ ჯგუფშია, აცხადებდა, რომ მათი რეკომენდაციები ჯანდაცვის მინისტრმა გაიზიარა, რაც გულისხმობდა, სააკაშვილის გადაყვანას მულტიპროფილურ კლინიკაში. თავად მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია. გვიან ღამით, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ასევე იმყოფებოდნენ იუსტიციის მინისტრი და დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“.
დაწესებულების დატოვების შემდეგ დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის მკურნალობის შესახებ სამოქმედო გეგმა უახლოეს საათებში გახდებოდა ცნობილი. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის დასკვნას „ფეიკს“ უწოდებდა.
მიხეილ სარჯველაძემ კი აღნიშნა, რომ სამოქალაქო კლინიკა პანაცეა არ არის და ეს უფრო საკითხის პოლიტიზებული შემოთავაზებაა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს, გლდანში, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
ამერიკის ელჩი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობაზე: გაუგებარია, რატომ არ ხდება ზომების მიღება