სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს. ნინო ლომჯარია ექიმების ნათქვამს ეყრდნობა, რომლის თანახმად, შიმშილობის გაგრძელება, ამ ეტაპზე, მაღალი ალბათობით, ლეტალურ შედეგს გამოიწვევს
„ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ვინაიდან, ექიმების თქმით, შიმშილობის გაგრძელება, ამ ეტაპზე, მაღალი ალბათობით, ლეტალურ შედეგს გამოიწვევს. ჯერი უკვე იქნება სტრასბურგის სასამართლოზე, რომელმაც უნდა შეაფასოს, შესთავაზა თუ არა სახელმწიფომ უსაფრთხო გარემო და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება პაციენტს, რომელიც დათანხმდა სასამართლოს მოწოდებას შიმშილობის შეწყვეტაზე. ყველაფერი დაბრუნდება სტრასბურგის სასამართლოს შემოთავაზებული გადაწყვეტილების ჩარჩოებში“, - წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.